“მადლობა თითოეულ მოქალაქეს გონიერებისთვის, დღეს ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის”
“მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისა და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა, ჯერჯერობით, დაფიქსირებული არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
“დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს 8 ახალი ინფიცირებული, აქედან 6 ადამიანი არის საკარანტინე ზონიდან და 2 ადამიანი არის სატვირთო მანქანების მძღოლი. მინდა, პირველ ყოვლისა, გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანლებს მოვუწოდო, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ და გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისათვის”, – აღნიშნა პრემიერმა.