შუახევის მერი საზაფხულო იალაღებზე გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო
შუახევის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს გომის მთის მიმართულებით შუახევის მერი – ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი დავითაძესთან, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, აჭარის სატყეო სააგენტოს და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მერის განცხადებით, ამ დროისთვის, გომის მთამდე მისასვლელი გზა გახსნილია და გადაადგილება, ნებისმიერი ტრანსპორტით შესაძლებელია. ასევე, უახლოეს დღეებში მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება და მოხრეშვა.
ხელმძღვანელ პირებმა იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელიც დაათვალიერეს, რომელიც სრულად გამართულია და მოსახლეობას ელექტროენერგიით სარგებლობა შეუფერხებლად შეეძლებათ. აღინიშნა ასევე, რომ სატყეო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეშით დროულად მომარაგების მხრივ შეფერხება არ ექნება.