მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მზად ვართ, არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდეს
ჩვენ მზად ვართ, არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.
„ოქტომბრის ბოლოს გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი არჩევნები საქართველოში. ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დესტრუქციული ძალისგან, ჩვენი ოპოზიციისგან მიეწოდება დეზინფორმაცია და მნიშნელოვანია, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი, სადამკვირვებლო ფართო მისიები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ამ არჩევნებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვეპარება ეჭვი არჩევნებში გამარჯვებისა, თუმცა, ადგილზე უნდა მოხდეს არჩევნების უმაღლესი შეფასება. ჩვენ მზად ვართ, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე”- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა შეკითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრს და დაინტერესდა, თუ როგორ კეთდება ორგანიზება ამ ეტაპისთვის, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნებზე რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი.
მიხეილ ყაველაშვილმა სამთავრობო გუნდს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლიერება გამოვხატო და მადლობა გითხრათ სამთავრობო გუნდს, უწყებათაშორის საბჭოს, სამედიცინო პერსონალს. არ შეიძლება, ეს არ აღვნიშნო, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პანდემიას გაუმკლავდნენ, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ. ეს აუცილებლად აღსანიშნავი იყო და ამას ვერ ავუვლიდი გვერდს, განსხვავებით ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისა, რომლებმაც ვერა და ვერ გამოხატეს მადლიერების გრძნობა. ერთადერთი ელენე ხოშტარია იყო წინა სხდომაზე, ვინც გაბედა, განაცხადა და მადლობა გადაუხადა მთავრობას. სხვა არცერთი, მათ შორის, ჩვენგან წასული დეპუტატებისგანაც არ გამიგია მთავრობისთვის მადლობის გადახდა. ცუდია ეს”-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.