გიორგი გახარია: უაღრესად მნიშვნელოვანია „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა და ასე პოპულარულია

“უაღრესად მნიშვნელოვანია „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა და ასე პოპულარულია”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა და ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა.

„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ მზაობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი – გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტნციურად.

გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა „მაიკროსოფთის“ გარდა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები