მაკა სოლოღაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე: ჩვენი კლინიკის მაგალითზე, “პლაქვენილის” გამოყენებისას რაიმე გართულება არ გვქონია
“ჩვენი კლინიკის მაგალითზე, “პლაქვენილის” გამოყენებისას რაიმე გართულება არ გვქონია”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ “პლაქვენილის” ტესტირება შეწყდა.
“ჩვენი კლინიკის მაგალითზე, რაიმე გართულება არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდში, არც გულ-სისხლძარღვთა სისტემის კუთხით გართულებები არ დაფიქსირებულა. ზოგჯერ შერჩევითად შეიმჩნეოდა ვირუსის ელინიმაციის უფრო დაჩქარება, თუმცა ცოტაა, სტატისტიკისთვის დასკვნა რომ გავაკეთოთ. საბოლოოდ, ჩვენი სამეცნიერო კლინიკური გუნდი შეისწავლის და დასკვნას დადებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში “პლაქვენილს” არ ვიყენებდით. ისედაც, მისი გამოყენება ინდივიდურად, ექიმის შეხედულებისამებრ ხდებოდა. ბოლო პერიოდში პაციენტების მდგომარეობა იმდენად მსუბუქი იყო, რომ არც მოითხოვდა მისი გამოყენების საჭიროებას. ჯანმო-ს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მთავარი”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამ შეიძლება, გამოიწვიოს კორონავირუსის მქონე პაციენტების ზრდა, სოლოღაშვილის თქმით, არის რისკი იმის რომ კვლავ წამოვიდეს ახალი ტალღა.
“მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია ინფიცირების რიცხვი და ეს არა მარტო მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული. საკმაოდ რთული იქნება საზღვარზე მოხდეს მომენტალურად დიაგნოსტირება პაციენტის, ამიტომ დისტანცირება, ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ის წესები რაც მოწოდებულია, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და ჩვევაში უნდა გვქონდეს გადასული”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, “პლაქვენილის” (ჰიდროქსიქლოროქინის) ტესტირება შეწყდა. ამის შესახებ განცხადება ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანმო-ს გადაწყვეტილებით, ასევე, შეჩერებულია “ქლოროქინის” გამოცდაც.