“მე თქვენ მიყვარხართ და საქართველო“ – ლეჩხუმელების მილოცვა სრულიად საქართველოს

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლეჩხუმში განსაკუთრებული ღონისძიებების გარეშე აღინიშნა. სადღესასწაულო განწყობის შესაქმენლად, ქუჩები საქართველოს დროშებით გაფორმდა. ცაგერის ლადო ასათიანის სახელობის სკვერში კი კონკურს “ნიჭიერის” 2010 წლის ფინალისტმა, გულნაზ გოლეთიანმა პოეტის ძეგლთან  თამარ გვერდწითელის  სიმღერა “საქართველო“ შეასრულა.

“იმის გამო, რომ  წელს პანდემიის ფონზე ვერ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს  ისე, როგორც ეს საქართველოსა და ლეჩხუმს სჩვევია, გადავწყვიტე, ცაგერის ლადო ასათიანის სახელობის სკვერიდან ჩემი პატარა პერფორმანსით სრულიად საქართველოსთვის მიმელოცა 26 მაისი. მშვიდობა, ბედნიერება მთელს საქართველოს, მინდა, ლადოს მხარიდან, მისივე სიტყვებით მოგილოცოთ და გითხრათ, რომ მე თქვენ მიყვარხართ და საქართველო, გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს!“, – აღნიშნა გულნაზ გოლეთიანმა “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში.

გულნაზ გოლეთიანის ნამღერს პარკში შეკრებილი ადამიანები ოვაციით შეხვდნენ. შეკრებილთა შორის იყო ქართველი მსახიობი  – თემო გოგიძე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს  მშობლიურ მხარეში იმყოფებოდა.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქართველებისთვის და მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენი საშუალებით მეძლევა შესაძლებლობა, მშობლიური ლეჩხუმიდან მივულოცო საქართველოს ეს დღე, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა მსახიობმა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ,,სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო: “ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო  სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”.

 

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები