გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას დიდი ხანია, აქვს მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ
„მე არ მგონია, რომ სიმწვავე უნდა აკლდეს ოპოზიციის შეკითხვებს, პირიქით, მწვავეც უნდა იყოს და საქმიანიც, მაგრამ ეს სურვილები და ეს ოცნებები უკვე დიდი ხანია, ჩავაბარეთ წარსულს იმიტომ, რომ დიდი ხანია, არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი2″-ის ეთერში განაცხადა.
„პრემიერის მოხსენებაში ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული. რასაკვირველია, მთავარ თემად რჩება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ეკონომიკური სფერო, ჯანდაცვის სფერო, ეს არის თემები, რაზეც ჩვენც გვექნება საუბარი. ჩვენ შევეხებით ყველა იმ საკითხს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დახმარებებთან, ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, თუ რა მოცულობის დახმარებებია, როგორ იქნება ორგანიზებული და რა ინტენსივობით მიმდინარეობს დღეს. სოფლის მეურნეობის საკითხებიც საინტერესოა, რამდენად ძლიერად არის ჩამოყალიბებული ის პროგრამა და როგორ ხორციელდება, რომელიც შიდა წარმოების გაზრდას გულისხმობს. ეს არ არის გარკვეული პერიოდის პრობლემა. ზოგადად, კარგი ტენდენციებია სოფლის მეურნეობის დარგში და ამ ტენდენციებს უნდა სწრაფი და ინტენსიური განვითარება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.