ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ დასრულებულა, არც დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დღეს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დღეა, გილოცავთ! 26 მაისი არის თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მონაპოვარი, რასაც გავუფრთხილდებით და დავიცავთ. თუმცა, ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულებულა, ცხადია, არც დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებით გამოდევნილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი – მავთულხლართებით იზოლირებული. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მშვიდობიანად, განვითარებით, პროგრესით და მას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ.
ეს დღე ჩვენია, მრწამსის თუ ეთნიკურობის განურჩევლად. საუკუნეზე მეტი ხნის წინ სწორედ ასეთი პლურალიზმითა და ერთიანობით იზეიმეს ჩვენმა წინაპრებმა სანუკვარი დამოუკიდებლობა და ამ მყარ საფუძველზე აუცილებლად დავაშენებთ კიდევ უფრო ძლიერ, ერთიან საქართველოს“, – აღნიშნავს ციხელაშვილი.