თელავში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა წელს უჩვეულოდ აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან თარიღს. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ვიმყოფებოდით და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ვიმედოვნებ, რომ იმ ბრძოლებში, როგორიც არის ჩვენი უხილავი მტერი პანდემია, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაიმარჯვებს”, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
“თელავის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა”, – აღნიშნულია თელავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.