“მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი სკოლიდან გვიყვარდა, სკოლა რომ დავამთავრეთ, ის ჯარში წეიყვანეს, მე სასწავლებლად ქუთაისში წევედი, დავამთავრე საბიბლიოთეკო და 36 წელი ბიბლიოთეკაში ვიმუშავე. დაბრუნების შემდეგ კი ოჯახი შევქმნით“– ნანული ქომეთიანი ცაგერის სოფელ ღვირიშიდან ახლომდებარე სოფელში, ნასპერში 25 წლისა გათხოვდა.
ამბობს, რომ ოჯახი კარგად გამართეს, მაგრამ განგებამ შვილი არ მისცათ, ამიტომ 76 წლის ასაკში მარტოს უწევს ცხოვრების დღეებთან გამკლავება. სიკვდილზე ძალიან ხშირად ეფიქრება, მაგრამ ტელევიზორი და შიდა მეურნეობაში ფუსფუსი მისთვის თავის შექცევის საუკეთესო საშუალებაა.
“ფიქრები ყველაფერი გლახა – სიკვდილზე მეფიქრება. ტელევიზორს ჩავრთავ, შუაღამეზე ლაპარაკი მაღვიძებს, არადა ხომ ვიცი, მარტო ვარ,მერე ვაცნობიერებ, რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი-ტელევიზორი ლაპარაკობს. ქათმებიც მყავს, 2 ძროხას ვუვლი , მეუბნებიან – რა ძალა გადგას, შენი პენსია ყველაფერში გეყოფაო, მაგრამ ტყუილა ჯდომაში უფრო მეტი ცუდი ფიქრები მაწვება“.
არაფერი ისე არ აწუხებს, როგორც მარტოობა, სარჩო-საბადებელს ოჯახში თვითონ აწარმოებს, პენსიაც აქვს და მეზობლების იმედიც.
“მეზობლები კარგი მყავს,მაგრამ საღამოთი შუქს რომ ჩააქრობენ, მერე უიმედობა მიპყრობს. ისინი მაყურებენ იქედან, დილით კარის გაღება რომ დამიგვიანდება, გამომძახებენ – ნანული, შენი ჯავრი გვაქვს, ხომ არაფერი მოგივიდაო. ძალიან გლახაა სიბერე, გლახა, მაგრამ სიკვდილიც გლახაა“.
კორონავირუსმა ძალიან შეაშინა, რამდენჯერმე ტემპერატურის გაზომვის სურვილიც გაუჩნდა, მაგრამ გადაიფიქრა – “მეშინოდა, სიცხე რომ მექნეს რაღა ვქნა. ძალიან განვიცდიდი და ვნერვიულობდი ამდენი ხალხი რომ დეიხოცა და დეიღუპა“.
შვილის აყვანა ძალიან უნდოდა, მაგრამ მეუღლე ვერ დაითანხმა და მულიშვილების იმედად დარჩა. ამბობს, წარსულის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ამ შეცდომას აუცილებლად გამოასწორებდა.
“ახლა იმას ვჯავრობ და ვნერვიულობ ყოველთვის, მე რომ მოვკვდე რა იქნება. ალბათ აქაურობა გამოიკეტება. იმიტომ არ მინდა მოვკვდე, რომ ჩემი სახლის კარი არ დავკეტო!“
ახალგაზრდებთან ერთი თხოვნა აქვს – უნდა რომ ყველამ საკუთარი ოჯახი შექმნას, გამრავლდეს და ბევრი სიკეთე აკეთოს.
მარინე სვანიძე