ქეთევან ციხელაშვილი: ახლაც და მომავალშიც, სადაც უნდა ვიყო, ჩემი სამშობლოსა და ჩემი ხალხის ინტერესებს დავიცავ

“ახლაც, ყოველდღე, მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც უნდა ვიყო, ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოსა და ჩემი ხალხის ინტერესებს დავიცავ”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან საქმიანობა გააგრძელოს, როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე, საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„15 ივნისიდან ნამდვილად არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე საქმიანობა გავაგრძელო, როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე, საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ოძისში ვიმყოფები და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ სხვადასხვა ჰუმანიტარული პაკეტებით და – არამხოლოდ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „კოვიდ-19“-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. ახლაც, ყოველდღე, მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოსა და ჩემი ხალხის ინტერესებს დავიცავ“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დატოვა და ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები