თერჯოლაში 3 საჯარო სკოლის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს

თერჯოლაში 3 საჯარო სკოლის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი მოადგილე  მანუჩარ რობაქიძესთან ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ  გოდერძი თურქაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამივე სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებს ადგილზე გაეცნო.

“მნიშვნელოვანია, რომ პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდეს და ამ სოფლების მოსწავლეებმა ახალ სკოლებში განაგრძონ განათლების მიღება. მშენებლობები აქტიურ ფაზაშია და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი გარემო სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნის მისაღწევად, გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მიმდინარე წელს 15 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

თერჯოლის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა აიგება, რისთვისაც მგფ-დან გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, მგფ-დან დაიხარჯება 1 124 000 ლარი.

“ორივე პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯავა” ახორციელებს. სოფელ სიქთარვაში კი 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე, განათლების სამინისტროდან გამოყოფილი 2 416 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს “ალიანსი” შეასრულებს. დღესვე, ლაშა გოგიაშვილმა სიქთარვაში წყლის სისტემის სათავე ნაგებობა დაათვალიერა, ხელმძღვანელმა პირებმა წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და აბონენტების გაზრდის მიზნით, არსებულ წყლის დებეტზე, წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები