აშშ-მა “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რუსეთს ოფიციალურად შეატყობინა
აშშ-მა “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რუსეთს ოფიციალურად შეატყობინა.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
“საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან ოფიციალური ნოტა მივიღეთ, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობამ “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო”, – განაცხადა რიაბკოვმა.
აშშ “ღია ცის” შეთანხმებიდან გადის, ვაშინგტონის გადაწყვეტილება ძალაში 6 თვეში შევა.
ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას.
რაც შეეხება “ღია ცის ქვეშ” შეთანხმებას – მას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება.
2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.
შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.