თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრსა და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ხელვაჩაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სკოლის, ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.
“განახლდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა. შენობა 430 მოსწავლეზეა გათვლილი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმები.
ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის მშენებლობა ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ხორციელდება. დარბაზი იქნება სრულად ადაპტირებული, მოეწყობა პანდუსები. შენობის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანიც. ინფრასტრუქტურა 220 მოსწავლეზეა გათვლილი.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.
გარდა ამისა, აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება, კულტივაცია უფასოდ შეეძლება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.