ნინო წილოსანი გერმანიის ელჩს შეხვდა და „საქართველოს ტყის კოდექსის” პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც „საქართველოს ტყის კოდექსის” პროექტის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით შედგა, ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კახა კუჭავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები – ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ამავე სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი და, ასევე, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) წარმომადგენელი – ჰანს იოაკიმ ლიპი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტყის კოდექსი სატყეო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამ კანონპროექტის შემუშავებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, მონაწილეობდნენ GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები.

შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, „საქართველოს ტყის კოდექსი” ამ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმის საფუძველს წარმოადგენს, რომლის მიზანია, მაქსიმალურად დაცული იყოს საქართველოს ტყეები და მკაცრად იყოს დარეგულირებული მისი მდგრადი გამოყენების პრინციპები. მნიშვნელოვანია, რომ კოდექსი ყველას – მუნიციპალიტეტებს, სააგენტოებს, ეკლესიასა თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტს, რომელიც ფართობს უკვე ფლობს, ავალდებულებს, რომ დააკმაყოფილოს ახალი კოდექსით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმები.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ამ კოდექსისა და რეფორმის მიმართ, რომელიც კანონის მიღებისთანავე ფართო მასშტაბით განხორციელდება.

„ამით ათწლეულების მანძილზე ტყის დაცვის, ტყის მოვლისა და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში სრულდება და გადავდივართ ახალ, ევროპულ სტანდარტებზე. მსურს, გერმანიის მთავრობას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უკვე ათეული წლებია, ჩვენს ქვეყანას უწევს განსაკუთრებით გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულებით. ჩვენ გარემოს დაცვისა და უკვე მიღებული კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით თანამშრომლობას კვლავაც გავაგრძელებთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები