“მსხვილი პროექტები, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურები – ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და არავის უნდა აღიზიანებდეს”

„ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება ძალიან სკურპულოზური საჯარო განხილვების შედეგად ხდება. ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ დღეში და არამც და არამც საგანგებო ვითარებაში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე ჰესების პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მან იმ ოპონენტებს უპასუხა, რომლებიც ხელისუფლებას პანდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დროს ჰესების პროექტებზე მუშაობის გამო აკრიტიკებენ.
„ოპოზიცია ან საქმის კურსში არ არის ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის თაობაზე, ან, უბრალოდ, განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. თვითონ საგანგებო მდგომარეობის დროსაც, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ძალიან დეტალური კომუნიკაციის შედეგია მთლიანად მოსახლეობასა და კონკრეტულად იმ ჯგუფებთან, ვისაც ესა თუ ის ნაბიჯი ეხება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნებისმიერი ღონისძიება კონკრეტულ ინდუსტრიასთან მრავალჯერ იქნა განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები.
მინისტრის განცხადებით, პირიქით, მისასალმებელია, რომ, მიუხედავად პანდემიისა და საგანგებო ვითარებისა, საქართველოში შესაძლებელია, არ შეფერხდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მიღებულ იქნას სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტილება.
„ეს ეხება როგორც ჰიდროელექტროსადგურებს: ონს, ნამახვანს, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად დღე-დღეზე დაიწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოსექტორისთვის, ასევე, ფოთის პორტის პროექტს, რომელზეც მუშაობა არ შეფერხებულა და დაჩქარდა. ეს არის იმის სამომავლო წინაპირობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წელს ეკონომიკური ზრდის კლება გვექნება, 2021 წელს გვექნება ზრდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის უნდა აღიზიანებდეს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები