“ღიმილისმომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის გამოცხადებული”
“ღიმილისმომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში, პანდემიის, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის გამოცხადებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა უპასუხისმგებლოდ მოკიდება იმ თემებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება.
„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შეზღუდვები, რომლებსაც გავაგრძელებთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის სრული მხარდაჭერა გვაქვს. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, კომუნიკაცია.
ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია, ფაქტობრივად, ახლა შედის პიკში. ის, რაც ხდება სომხეთში, რაც ხდება რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, არის უდიდესი რისკი, თუმცა ეს არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ, არ გავინძრეთ და საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ, ნელ-ნელა ტურიზმი, ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ პოზიციები არ დავკარგოთ. მარტივია – ჩვენ კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ამიტომ, ძირითადი გასაღები არის ის, რომ ამ კრიზისს ჩვენ სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად მივიღეთ ეფექტური ნაბიჯები. ამ ნაწილში, ყველაფრის მიუხედავად, საკონსტიტუციო პროცესი იქნება ეს თუ საკანონმდებლო ჩარჩო იქნება, ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ უკან დავიხიოთ. ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია და საკონსტიტუციო წესრიგი დაწესებულია იმისათვის, რომ მისი უპირველესი ღირებულება არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ კრიზისიდან როდესაც გამოვალთ, არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო. ჩვენც ვითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა, ფრთხილად ავამოქმედოთ, პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ, არჩევნები ნორმალურად ჩავატაროთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.