მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები ნიგერიიდან სპეცრეისით ბრუნდებიან
30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 21-დღიანი ტყვეობა დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა.
თამარ იოსელიანის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებად და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით.
პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელი კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის”, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.