აჭარაში დამატებით 20 ათას ოჯახს სასურსათე კალათები გადაეცემა

დღეიდან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. აჭარის მთავრობა 20 ათასს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახს სასურსათე პროდუქტებს გადასცემს. დახმარების მეორე ეტაპზე გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიები.

„პირველ ეტაპზე დავეხმარეთ 10000-ზე მეტ ოჯახს როგორც სურსათით, ისე – მედიკამენტებით. მეორე ეტაპი  ითვალისწინებს 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათე კალათის გადაცემას, რაც მოგვცემს საშუალებას, ეს პერიოდი გავიაროთ ისე, რომ არცერთ ოჯახსა და, განსაკუთრებით, მათ პატარებს არ გაუჭირდეთ. ბუნებრივია, ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა, ხელისუფლება განახორციელებს. გავაგრძელებთ მოსახლეობის და თითოეული ოჯახის გვერდით დგომას” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ.

დახმარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები მიიღებენ. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები. სასურსათო კალათას აგრეთვე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები – სამი და მეტი შვილით და ამავე სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანები.

აჭარის მთავრობამ პირველ ეტაპზე 7000 ოჯახს გადასცა სასურსათე პროდუქტები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და “წითელი ჯვრის” ჩართულობით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია.

დარიგების პროცესში ჩართულები არიან ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, მოხალისეები. სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობას იღებენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, დეპუტატები, საერთაშორისო ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები