ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენ ბრაიან მასტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა – მხარეებმა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენთან, რესპუბლიკელ ბრაიან მასტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებსა და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
საუბრისას,რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ხაზგასმით აღინიშნა.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი განიხილეს და საქართველოს საკითხის აშშ-ის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა აღნიშნეს.