აკაკი ზოიძე ეპიდსიტუაციაზე: კეთილსაიმედო სცენარში ვართ, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, სავარაუდოდ, დადასტურებული შემთხვევები მოიმატებს

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ კეთილსაიმედო სცენარში ვართ. ამის შესახებ ზოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ისაუბრა.

როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ყველა რეკომენდაციის დაცვა გააგრძელონ, რადგან შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რამდენიმე დღეში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალოს.

„ჩვენ შედარებით ადრე მივიღეთ ის საკმაოდ მკაცრი ზომები, რაც მოსახლეობის მობილობაზე შეზღუდვებს აწესებდა. ვირუსის გავრცელების შენელებასთან მიმართებით, სხვა ქვყენებთან შედარებით, უკეთესად გამკლავება შევძელით. დღესდღეობით ყველაზე უფრო კეთილსაიმედო სცენარის ფარგლებში ვართ. მაგრამ იმ პირობებში, როცა შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება, უნდა ველოდოთ, რომ, სავარაუდოდ, დადასტურებული შემთხვევებიც მოიმატებს. თუმცა ეს მატება არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი, ნახტომისებური. იმედი მაქვს, მოქალაქეები შეინარჩუნებენ იმ უნარ-ჩვენებსა და პრაქტიკას, რაც აქამდე თითოეულმა ჩვენგანმა შევისისხლხორცეთ კოვიდის პირობებში. ესაა ფიზიკური დისტანცირება სამუშაო ადგილზე, მაღაზიაში, ოჯახში, ერთმანეთთან ურთიერთობაში. ჩვენი, თითოეული მოქალაქის დამსახურებაცაა, რომ ასეთი კეთილსაიმედო სცენარში ვართ, ასევე, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანისა, ვინც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა: ეპიდემილოგების, პოლიციელების, მესაზღვრეების, იმ ადამიანების, ვინც მომატებული რისკის ქვეშ იყვნენ. ჯერჯერობით, ყველამ ერთად შევძელით ვირუსის შეკავება, თუმცა თუ არ გავაგრძელებთ სიფრთხილესა და პირობების დაცვას, შესაძლოა, სიტუაცია რადიკალურადაც შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს იმის მაგალითები, როცა ერთ დღეში გაუარსედა სიტუაცია იტალიაში, ესპანეთში, სინგაპურში, როცა არანაირი ზომების დაცვა  ხდებოდა.
ეს ისეთი დაავადება და გამოწვევაა, რომ შეიძლება, ძალიან მოკლე დროში მოხდეს სიტუაციის მკვეთრი გაუარესება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საფრთხილო ორი მომენტი იქნება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა.

„განსკუთრებით ორი თემა იქნება: როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ გაიხსნება, ამის გარეშე ეკონომიკის სრულფასოვანი გახსნა შეუძლებელია. შემდგომში, ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდება, ამ ნაბიჯიდან რამდენად წარმატებულად მივსდევთ იმ რეკომენდაციებს, რაც ძალაში რჩება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არ ნიშნავს ამ რეკომენდაციების მოხსნას. მეორე საფრთხილო თემაა, ტურისტული ნაკადები როცა დაიძრება. დიდი იმედი გვაქვს, რომ დაიძრება, რადგან ამის გარეშე ძალიან ძნელია, ტურიზმი და მასთან დაკავშრიებული საქმიანობა 250 ათასზე მეტი ოჯახის შემოსავლის წყაროა.
მგონი, მზადაა სექტორი, რომ ეპიდსიტუაციაზე მეთვალყურეობა აწარმოოს, საკმარისი ტესტებიც არის ქვეყანაში, სწრაფი იქნება თუ პისიარ ტესტები, რომ ეპიდსიტუაციის პულსზე გვეჭიროს ხელი და მონიტორინგი ეფექტიანი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითშეგნება, არ ჩავთვალოთ, რომ აწი არაფერი გვემუქრება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, ხვალიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი მოიხსნება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 721-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 485, გარდაცვლილია- 12, კარანტინის რეჟიმშია – 3614 ადამიანი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები