გაერო-ს განვითარების ფონდი კახეთში ახალა პროექტებს იწყებს. სოფლის განვითარების ახალი პროგრამა კახეთის ორ სამიზნე მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში განხორციელდება.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეები მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ, სადაც სხვადსახვა უწყების წარმომადგენელი ჩაერთვება და სოფლის განვითარების მიმართულებით წინადადებებსა და პროექტებს განხილავენ.
“გაერო-ს განვითარების პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით იწყებს სოფლის განვითარების ახალ პროგრამას, რომელიც კახეთის რეგიონში მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს – ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს. აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა არასასოფლო-სამეურნეო მიმრათულებით, როგორიც არის, მაგალითად, აგროტურიზმი, ეკოტურიზმი გადამამუშავებელი მიმართულება, ასევე, გარემოს დაცვის კომპონენტი და სოციალური ასპექტები. აღნიშნული პროგრამა განხორციელდება სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით”, – აღნიშნა გაერო-ს განვითარების პროგრამის გენერალურმა მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ.
ირაკლი ქადაგიშვილის განამრტებით, მათ გაერო-ს განვითარების ფონდს ლაგოდეხში საბითუმო აგრობაზარის განახლება შესთავაზეს, რომელიც ახალი რეგულაციებიდან და განვითარების ახალი დონიდან გამომდინარე უკეთესად მოწესსრიგდება.
“დღევანდელი შეხვედრის დედააზრი გახლდათ ის, რომ მომხდარიყო ლაგოდეხისა და დედოფლიწყაროს იმ აქტივობების იდენტიფიცირება, რომლებიც უშუალოდ არ იქნება დაკავშირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნასთან, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ექნება ეკონომიკის განვითარებისთვის. ლაგოდეხთან მიმართებით ჩვენი წინადადება იყო თანამედროვე სტანდარტების, საბითუმო აგრობაზრის შექმნა, რაც აქამდეც არსებობდა, თუმცა განვითარების ახალი დონიდან და ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, გაცილებით უკეთესად მოწესრიგებული და დარეგულირებული ასეთი ახალი ბაზები უნდა შეიქმნას”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.