საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 25 ფაქტი გამოავლინეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 25 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უწყება, მიუხედავად ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვებისა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

“აღნიშნულ პერიოდში, სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 25 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის  10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.

გამოძიების პროცესში სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამურად, 46 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 191 000 ლარს აღემატება”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები