ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე 11 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად გორის მუნიციპალიტეტში დამატებით 11 სოფელს – ბერშუეთს, ახალუბანს, მეჯვრისხევს, ქერეს, ხურვალეთს, ჯარიაშენს, აძვს, ფლავს, ფლავისმანს, ქვემო ხვითსა და ქვეშს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სოფლებში მცხოვრები დაახლოებით 5 000-მდე ოჯახი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

„იმის გათვალისწინებით რომ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება არის რთული და მძიმე და ზოგადად ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს იქ მაცხოვრებელი ადამიანების მხარდაჭერა, თუნდაც იმ გზით როგორიც არის მთის კანონით გათვალისწინებული პრივილეგიები, თუნდაც სახელფასო დანამატები და ა.შ. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული ინიციატივა.  დაახლოებით, 5 000 ოჯახი ისარგებლებს ახალი სტატუსის შესაბამისად, პრივილეგიებით და იმის გათვალისწინებით, რომ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება მხარდაჭერილი უნდა იყოს და წარმოადგენს ზღუდეს ოკუპანტისაგან დაცვის კუთხით. საოკუპაციო ხაზთან ინვესტიციები საკმაოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით“ -განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 250,000-მდე მოქალაქე, რომლებიც აღნიშნული სტატუსის შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები