როგორ უნდა ამოქმედდეს  საზოგადოებრივი ტრანსპორტი   – რა წესებზე საუბრობენ სპეციალისტები  covid 19-ის რისკების შესამცირებლად

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე არ მუშაობს.  თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინ ამუშავდება, როდესაც ჯანდაცვის სფეროს   სპეციალისტების მხრიდან მითითებები გაკეთდება.

როგორ უნდა ამოქმედდეს  საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ისე, რომ კორონავირუსის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი, უსაფრთხოების რა  ღონისძიებებ იქნება გასატარებელი  – ტრანსპორტის ამუშავების საკითხთან მიმართებით სწორედ  ეს კითხვებია აქტუალური.

„რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, – აცხადებს კახა კალაძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის დირექტორის,  ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ტრანსპორტის აღდგენის საკითხი საკოორდინაციო საბჭომ უნდა განიხილოს.

„როგორც იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორგანო ამ პროცესების კოორდინებისა ქვეყანაში, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა. ამიტომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მედიაჰოლდინგი „კვირა“  ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს ესაუბრა.

მგზავრებისთვის პირბადის ტარების ვალდებულება, დისტანციის დაცვა,  ჩაწეული შუშები ტრანსპორტში, შიდა ვენტილაციის   ნაკლებად გამოყენება,  ბარათით გადახდა, – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით,  ეს წესები უნდა იყოს დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმისათვის, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ინფიცირების რისკები შემცირდეს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე, მინიმუმ ვადებსა და იმ წესებზე, რომელთა დაცვაც მძღოლებსა და მგზავრებს მოუწევთ, ხელისუფლებამ საუბარი უნდა დაიწყოს. სხვადასხვა დაწესებულებისთვის გარკვეული წესებია ჩამოყალიბებული, სწორედ ასეთ პროტოკოლს ველოდებით.

კარგად გვესმის, რომ ამ ვითარებაში ტრანსპორტის ამუშავება ადვილი არაა, ეს  მაღალი რისკის ერთ-ერთი ზონაა, მაგრამ ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მოგვიწევს. ამიტომ, უმჯობესია, დავიწყოთ ფიქრი და საუბარი ამაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენ მგზავრს ვეღარ გადაიყვანს,  ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ეტაპზე  შეზღუდული რაოდენობით გადაიყვანს ადამიანებს. უნდა ვთქვათ ის წესები, რაც უსაფრთხოებისთვისაა საჭირო: რომ პირბადის გამოყენება აუცილებელი იყოს, შუშები ჩაწეული და შიდა ვენტილაცია ნაკლებად გამოყენებული, რადგან ესეც ვირუსის ჰაერში ცირკულაციის წყაროა. უნდა იყოს ბარათით გადახდა და არა – ქეშით. ასევე, მნიშვნელოვანია ტრანსპორტში დისტანციის დაცვა და გაკონტროლება. სადეზინფექციო სითხეები ყველა მგზავრისთვის რომელიც ამოვა,  არ ვიცი, ეს რამდენად ადმინისტრირებადია, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში შეიძლება, ასეთი რაღაცები გაკეთდეს. ცალკე პირი უნდა იყოს ავტობუსში, ვინც ამ წესებს დააცვევინებს მგზავრებს“, –  განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ავტობუსებზე დიდი მოთხოვნა იქნება და შესაძლოა, ხაზებზე დამატებაც გახდეს საჭირო.

„კვირასთან“ საუბრისას ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე,   გელა კვაშილავაც აცხადებს, რომ სოციალური დისტანციის დაცვა უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ტრანსპორტში სკამებზე სტიკერები უნდა გაიკრას, რომელიც მგზავრებს იმაზე მიანიშნებს, სად შეიძლება დაჯდომა და სად – არა.

„ორი დღის წინ ევროკავშირმაც გამოსცა გაიდლაინები იმას შესახებ,  თუ როგორ უნდა იმუშაოს საზოგადოებრივმა ტრანსპროტმა. მთავარია,  რომ   სოციალური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა მოხდეს. დღეს თუ ყველა მხრიდან იღება კარი ავტობუსში,  ასე არ უნდა იყოს, სანამ რისკები არსებობს.   მგზავრების წინა კარიდან აშვება უნდა მოხდეს, სკამებზე სტიკერები უნდა იყოს გაკრული, რომელიც მიანიშნებს, სად შეიძლება დაჯდომა და სად – არა. ვინც ტრანსპორტში ფეხზე დადგება, მათთვისაც უნდა  იყოს სტიკერები, სად შეეძლებათ დადგომა და სად – არა. მნიშვენლოვანია, რომ ჯვარედინად დასხდნენ მგზავრები. მძღოლს დამხმარე უნდა ჰყავდეს, რომელიც  მგზავრების რაოდენობის გაკონტროლებაში დაეხმარება. მგზავრები უკანა კარიდან უნდა ჩავიდნენ. ასე თუ არ მოხდა და ყველა კარი გაიღო, ავტობუსი გადაივსება, რაც  პრობლემა  იქნება.  სამარშრუტო ტაქსებში უფრო მარტივია, იქ ერთი შესასვლელია. იქაც მგზავრები  გვერდიგვერდ არ უნდა დასხდნენ.

სასურველია, ავტობუსში ხელის ერთი სანიტაიზერი, პირბადე აუცილებლად ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს.

გაჩერებებზე დასადგომად ადამიანებს მეტი სივრცე უნდა ჰქონდეთ. იქაც ერთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ამას გააკონტროლებს.  ეს ძირითადი წესებია“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, ხაზზე  მოძრავ ავტობუსებს შორის ინტერვალი უნდა შემცირდეს.

„სადაც მოსალოდნელია მგზავრთა დიდი რაოდენობა,  იქ უნდა მოხდეს ავტობუსების  კონცენტრირება, ავტობუსების დამატებაც მოუწევთ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი  აუცილებლად უნდა ამოქმედდეს. მოსახლეობის 70 %-ს ავტომობილი არ ჰყავს“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად ველოსიპედი გამოიყენონ, რისთვისაც  დროებითი ველოხაზები უნდა გაკეთდეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები