კალიურანდი ევროპარლამენტარებს: მწვავე განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმეთ ფაქტები, რადგან ჩვენ არ გვჭირდება ყალბი ამბების ახალი ეპიდემია

„გთხოვთ, მწვავე განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმოთ ფაქტები, რადგან ჩვენ არ გვჭირდება ყალბი ამბების კიდევ ახალი ეპიდემია”, – ასე მიმართა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდიმ კოლეგებს.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, ოპოზიციას, განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში. მოვუწოდებ კოლეგებს, პარლამენტის ორივე მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კონსტრუქციონიზმი. გთხოვთ, გახსოვდეთ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის მიზანი. მსურს, მივმართო ყველას, ვისაც სურს კომენტარის გაკეთება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ პირადად, დაბნეულობის დათესვის გარეშე, მაგრამ გთხოვთ, მწვავე განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმოთ ფაქტები, რადგან ჩვენ არ გვჭირდება ყალბი ამბების კიდევ ახალი ეპიდემია”, – განაცხადა მარინა კალიურანდიმ.

ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე საუბრისას მარინა კალიურანდიმ განაცხადა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში შეძლო, შეენარჩუნებინა განსაკუთრებული როლი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის.

მისივე თქმით, საქართველომ აჩვენა გზა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მტკიცე შეტევით.

„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და წლების განმავლობაში მან შეძლო, შეენარჩუნებინა განსაკუთრებული როლი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. გთავაზობთ, ფოკუსირება მოვახდინოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ბაზრების ინტეგრაცია. ამას ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოს განვლილი აქვს შთამბეჭდავი რეფორმების გზა. რა თქმა უნდა, საჭიროა აპროქსიმაციის შემდგომი გაგრძელება რიგ სფეროებში, როგორიცაა შრომის კანონი, გარემოს დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაცია. საქართველომ აჩვენა გზა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მტკიცე შეტევით. საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან იქნა შემოღებული და მას ეს მდგომარეობა {ბოროტად} არ გამოუყენებია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები