გიორგი კახიანი: ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში საარჩევნო სისტემაზე სრულიად პოლიტიკური სპექტრი პირველად შეთანხმდა
ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში საარჩევნო სისტემაზე სრულიად პოლიტიკური სპექტრი პირველად შეთანხმდა, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე ყოველთვის იყო განსხვავებული აზრი და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი იყო.
„ჩვენ ვიქნებით თანამიმდევრულები იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც მივიღეთ და ის დაპირება, რაც ამ შეთანხმების შესრულებასთან არის დაკავშირებული ჩვენ ამას შევასრულებთ. ჩვენი ქვეყნის უახლოეს საპარლამენტო ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა მსგავსი რამ, როდესაც სრულიად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა ერთ საარჩევნო სისტემაზე. ამ თემაზე ყოველთვის იყო განსხვავებული აზრი და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი იყო. პირველად ხდება, რომ ჩვენ ამ საკითხზე ყველანი შევჯერდით. მიღწეული შეთანხმება, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, მანდატების განაწილება 120/30-ზე იყო ოპოზიციის შემოთავაზება, რომელსაც ხელისუფლება დათანხმდა და ახლა მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თუ გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩა, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ – არის უპასუხისმგებლობა.
„ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას ისინი მხარს არ დაუჭერენ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი რურუა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობაში დარჩა – არის უპასუხისმგებლობა და სერიოზული პრობლემა ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც მართლაც, საბოლოოდ გადაწყვეტს და ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ეს მათთვის იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ ერთგულნი შეთანხმების და ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.