ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა
საქართველო ევროკავშირისგან პანდემიის ფონზე მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად 150 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მათივე ცნობით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სესხები 10 ქვეყანაზე გაიცემა. საქართველო 150 მილიონ ევროს, ალბანეთი – 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა – 250 მილიონ ევროს, იორდანია – 200 მილიონ ევროს, კოსოვო – 100 მილიონ ევროს, მოლდოვა – 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო – 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია – 160 მილიონ ევროს, ტუნისი – 600 მილიონ ევროს, უკრაინა კი 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს.
ინიციატივას მხარი 547-მა დეპუტატმა დაუჭირა, 93-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 47-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა. სავარაუდოდ, პირველ ტრანშს ქვეყნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მეორე ტრანშს კი, 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ.