მარინა ეზუგბაია: ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტიდან ოთხის წყარო ცნობილია, ორზე ჩაღრმავებული კვლევა გრძელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტიდან 4-ის წყარო ცნობილია, 2-ზე კი ჩაღრმავებული კვლევა გრძელდება.
„გამოჯანმრთელების რიცხვი საკმაოდ სოლიდურია – 26 პაციენტია, გვყავდა 393 და დღეისთვის გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობასა და გამოჯანმრთელებულებს შორის. გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებს.
4 ინფიცირებული საკარანტინო სივრციდან არის, ანუ, არსებული წყაროებიდან არიან. ორი პაციენტის ჩაღრმავებული კვლევა გრძელდება და გაირკვევა, მათ კონტაქტები აქვთ თუ არა და შემდეგ გახდება ცნობილი. ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომ არც ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.