ლევან რატიანი: ვიმედოვნებთ, პირველი ივნისიდან კოვიდთან ბრძოლას შევწყვეტთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გადავალთ
“დაახლოებით, ექვსი-შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაში კი 2 პაციენტი რჩება.
„ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებული გვყავს 38 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში ეწერება ერთი პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს და, ალბათ, დღის მეორე ნახევარში დაემატება ოთხი გამოჯანმრთელებული.
დაახლოებით, ექვსი-შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში შინ მოვლის პირობებში. ერთი პაციენტი რომელიც რეანიმაციაშია, მისი მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან ორი ქალბატონი არის ორსული. როგორც ნაყოფის, ასევე, ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით გამოჯანმრთელებაზე პირველად პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
რატიანი იმედოვნებს, რომ პირველი ივნისიდან კოვიდთან ბრძოლა შეწყდება და კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავა.
„კლინიკამ ათი მარტიდან დღემდე გაატარა, დაახლოებით, 1500-მდე საეჭვო შემთხვევა, აქედან 163 იყო კოვიდდადასტურებული, საიდანაც 125-მა დატოვა კლინიკა. იმედია, გაგრძელდება ასე. პირველი ივნისიდან ვიმედოვნებთ, რომ კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტთ და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში. როგორც მე, ასევე მთელ საქართველოს და ძალიან გვინდა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.