სალომე ზურაბიშვილმა და მონტენეგროს პრეზიდენტმა, სხვა საკითხებთან ერთად, ტურიზმის სფეროზეც ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული მისი ვიზიტი კრიზისის დასრულების შემდეგ  გაიმართება.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და მონტენეგროში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობასა და ხელისუფლებების მიერ გატარებულ იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში ორივე ქვეყანას წარმატება მოუტანა.

მონტენეგროს პრეზიდენტმა პანდემიასთან ბრძოლისას საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა.

საუბარი შეეხო პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ამოქმედების სტრატეგიულ გეგმებსა და ამ კონტექსტში უსაფრთხო ტურიზმის მიმართულებაში საქართველოსა და მონტენეგროს მონაწილეობის უდიდეს მნიშვნელობას, რადგან საქართველოს, ისევე როგორც მონტენეგროს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროს უსაფრთხო ქვეყნების ტურიზმის დერეფანში ჩართვა შესთავაზა, რასაც მონტენეგროს პრეზიდენტმა “საინტერესო იდეა” უწოდა.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და მონტენეგროს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. მონტენეგროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მონტენეგრო საქართველოს ევროინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის გზაზე ამ პროცესში დაგროვილი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები