თამარ მეფის სურა – ეროვნული მუზეუმი თამარობას ეხმიანება

14 მაისს, თამარობას, ეროვნული მუზეუმი ფეისბუქგვერდზე თამარ მეფის სურის შესახებ წერილს და ფოტოს აქვეყნებს.
ლეგენდის მიხედვით, სურა თამარ მეფეს შეუწირავს სეტის (მესტია) თემისთვის.
ცილინდრული ტანით, დაგრძელებული ტუჩით, მაღალი ყელითა და ცხოველის ფიგურით დამშვენებული სახელურით იგი იმეორებს XI-XII საუკუნეებში ისლამურ სამყაროში გავრცელებული ე.წ. ხორასნული ტიპის სურების ფორმას.
ამ ჯგუფის სხვა ნიმუშებისგან განსხვავებით, რომლებიც თითბრისგან მზადდებოდა და ვერცხლის ზარნიშით იფარებოდა, სეტის თამარის სურა ვერცხლისაა, ხოლო მისი ტანი, სახელური და მხრები მდიდრულადაა შემკული მოოქროვილი რელიეფური და გრავირებული გამოსახულებებით.
ნაკეთობის ტანის ზედა ნაწილს გარს შემოსდევს ავაზებისა და ძაღლების რიგი, რომელიც მცენარეულ ხვეულებშია ჩაწნული. ავაზის სკულპტურა აზის ჭურჭლის სახელურსაც. ნაკეთობის ტანი შემკულია მოოქროვილ მედალიონებში ჩასმული ქალ-ჩიტების წყვილი ან ერთეული გამოსახულებებით.
ჭურჭელს, ტანის ფართო მხარეს, გარს შემოუყვება მცენარეულ ხვეულებში ჩაწნული ოქროთი შესრულებული ქუფური დამწერლობა. სურის ყელი და ტუჩი მდიდრულადაა დეკორირებული ოქროს ორნამენტული ზოლებით, რომლებშიც მცენარეების, ჩიტებისა და ქუფური დამწერლობის მოტივები ერთმანეთშია გადახლართული.
სურა აღმოსავლური ლითონმქანდაკებლობის შედევრია და იგი, უდავოდ, თავიდანვე უმაღლესი იერარქიის პირთათვის იყო განკუთვნილი. მისი დაკავშირება თამარ მეფის სახელთან შესაძლოა ლეგენდაა, თუმცა შესაძლებელია, ქართველ მონარქს სურა საჩუქრად მიეღო რომელიმე აღმოსავლელი მმართველისგან ან იგი საქართველოში ნადავლის სახით შემოსულიყო ქართველთა იმდროინდელი, ერთ-ერთი წარმატებული აღმოსავლური ლაშქრობის შემდეგ.

ავტორი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი – ირინა კოშორიძე
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო

იხ. ვრცლად: https://www.facebook.com/GNMuseum/posts/10158303092401494

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები