ვერა ფაღავას ტილო – „პირამიდა“ ნიუ-იორკის „ფრიზზე“ რეკორდულ ფასად გაიყიდა

ნიუ-იორკის ცნობილი არტბაზრობა Frieze New York წლეულს (8-15 მაისი) უკვე მერვედ მასპინძლობს საზოგადოებას, თუმცა, როგორც ბევრი რამ ჩვენ გარშემო, კორონამ ისიც იძულებული გახადა, თავისი აქტივობა ამჯერად ონლაინრეჟიმში განაგრძოს.
წლეულს მასში მსოფლიოს ორასამდე წამყვანი გალერეა მონაწილეობს. მართალია, მათ შორის არცერთი ქართული გალერეა არ არის ჩართული, მაგრამ ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას (1907–1988) ხელოვნებას არ მოკლებია მნახველის ყურადღება და არაერთხელ მოხვდა იგი პრესრევიუებსა და რეიტინგებში. მის შესახებ დაბეჭა და მხატვრის ნამუშევრების იმიჯები გამოაქვეყნა New York Times-მა.
ვერა ფაღავა თავის სიცოცხლეში გაცილებით განთქმული იყო და იმდენად დაფასებული საფრანგეთში (სადაც იგი 1921 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა), რომ მან ეს ქვეყანა 1966 წელს ვენეციის ბიენალეზე წარადგინა.
ქართველმა საზოგადოებამ ვერა ფაღავას ხელოვნება რეალურად მისი გარდაცვალების შემდეგ გაიცნო, თბილისში გაიმართა მისი გამოფენა და დაიბეჭდა ნამუშევრების სოლიდური ალბომი. ვერა ფაღავას ქართულ სამყაროსთან დაახლოებაში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით – პარიზელ ქართველს ელისო ტარასაშვილს და თბილისელ გალერისტს ხათუნა ჩხეიძეს.
ცხადია, რომ მხატვრის ცნობადობის გაზრდას მსოფლიო რადიუსით სერიოზული და თანამიმდევრული მუშაობა სჭირდება, სამწუხაროდ, თბილისში არ არსებობს გალერეა, რომელსაც შეუძლია ქართველ მხატვრებს გზა გაუხსნას ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო არტფორუმებზე. ხათუნა ჩხეიძემ ვერა ფაღავას არტით დააინტერესა გერმანული გალერეა Galerie Kornfeld (აღსანიშნავია, რომ ამ გალერეამ ორი წლის წინათ ნიუ-იორკის ფრიზზე ნათელა იანქოშვილის ფერწერა წარმოადგინა).
ნათელა იანქოშვილის მსგავსად ვერა ფაღავაც თავისი მხატვრული ღირებულების გამო Spotlight-ის სექციაში შეიტანეს. წლევანდელი „ფრიზის“ ვირტუალურ ექსპოზიციაში მის თორმეტ ნამუშევრს ეცნობა  დამთვალიერებელი და, როგორც ცნობილი გახდა, პირველივე დღეეებში ქართველი მხატვრის ორი ტილო გაიყიდა.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ნიუ-იორკის „ფრიზზე“ შედგა ვერა ფაღავას გაყიდვების რეკორდი, ამჯერად მის სურათში – „პირამიდა“  64 000 დოლარი გადაიხადეს.

არტბაზრობის შესახებ იხილეთ:
https://www.nytimes.com/2020/05/12/arts/design/frieze-new-york-online.html

 

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები