გურჯაანის სასამართლომ მცირეწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო, რასაც ხმაური მოჰყვა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მცირეწლოვან ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბავშვის ოჯახის წევრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას მცირე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმეში მხოლოდ ორი არასრულწლოვნის ჩვენება იყო, რასაც განაჩენის გამოსატანად ვერ გაიზიარებდა.
ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მისივე თქმით, წარმოდგენილი მოწმეები არასრულწლოვნები იყვნენ, შესაბამისად, სასამართლომ მათი ჩვენებები არ გაიზიარა.
ბრალდებული მამაკაცი 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო, დაახლოებით, ერთი თვის წინ, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.