ბორჯომში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

ბორჯომის ბაზარი ფუნქციონირებას  განაგრძობს, –  ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.

ბაზარში არსებულ ვითარებას მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ზაალიშვილი გაეცნო. მისი განმარტებით, ბაზარში სავაჭრო პროცესი დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

ბაზრის შესასვლელშივე მობილიზებულია პერსონალი, რომელიც ყველა მომხმარებლის თერმოსკრინინგს ახორციელებს. მოქალაქეებისათვის აუცილებელი ვალდებულებაა პირბადის ტარება და შემოსვლისთანავე ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავება. შენობაში გაიმიჯნა შესასვლელი და გასასვლელი ადგილები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, ავტომანქანებისთვის გამოიყო პარკირების ადგილი. ტერიტორიაზე ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ბაზარში, ასევე,  ქალაქში არსებულ მაღაზიებში რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს სხვადასხვა უწყებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებს – მათ შორის არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური. სპეციალისტების მიერ ობიექტების შემოწმება ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები