ზესტაფონის მერი მარცვლეული ფაფების საწარმოში იმყოფებოდა
ზესტაფონში ქართულ კომპანია ” ბაია – ფუდის” მარცვლეული ფაფების წარმოებას ხუთწლიანი ისტორია აქვს. ” ბაია – ფუდი” ნატურალური ფაფების წარმოებას დღესაც აგრძელებს და სრულად იცავს იმ სტანტარტებსა და რეგულაციებს, რაც პანდემიის არსებობის პირობებში საწარმოებს ეკისრებათ.
ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე მთავრობის მიერ ნებადართული საწარმოების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს. მერი მარცვლეული ფაფების საწარმოში საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესა და მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად მივიდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე ნახეს, როგორ ხდება საწარმოს მუშაობა პანდემიის პირობებში და როგორ სრულდება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში, სხვა დიდ საწარმოთა შორის, არსებობს ბავშვთა კვების ნატურალური ხაზი – “ბაია – ფუდი” , რომელიც მომხმარებელს ნატურალური ნედლეულით დამზადებულ მარცვლეულის ფაფებს სთავაზობს. ეს არის კვების სრულიად ჯანსაღი პროდუქტი ჩვენი ბავშვებისთვის. “ბაია – ფუდმა” შეძლო ყველა იმ სტანდარტის დაცვა და გათვალისწინება, რაც პანდემიის პირობებში საწარმოებს ეკისრებათ. მომხმარებელს კი ეს შესაძლებლობას აძლევს, უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი, როცა არჩევანს ” ბაია – ფუდზე” აკეთებს”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ ნატურალური ფაფების დამამზადებელ საწარმოში სტუმრობისას.