თამარ გაბუნია: შემთხვევას შევისწავლით, აშკარაა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრამდეც ქალის მდგომარეობა მეთვალყურეობის გარეშე იყო

“შემთხვევა კომპლექსურად იქნება შესწავლილი, ამ შემთხვევაში საქმე შეეხება მედიკამენტების გვერდით მოვლენებსაც და იმასაც თუ რამდენად გამოიწვია ამან გარკვეული ზემოქმედება ნაყოფის ჯანმრთელობაზე”,- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ფაქტს, რომლის მიხედვითაც ქალი, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობდნენ, აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო. პაციენტმა საპირფარეშოში ისე იმშობიარა, ექიმებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

გაბუნიას თქმით, აშკარაა ის ფაქტი, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრამდეც ქალის მდგომარეობა იყო მეთვალყურეობის გარეშე და მას სამედიცინო დახმარება არ ჩატარებია.

“შემთხვევა კომპლექსურად იქნება შესწავლილი, ამ შემთხვევაში საქმე შეეხება მედიკამენტების გვერდით მოვლენებსაც და იმასაც თუ რამდენად გამოიწვია ამან გარკვეული ზემოქმედება ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ხილული დაზიანებები ბავშვს არ ჰქონია, მაგრამ რა თქმა უნდა, საჭიროა ღრმა ანალიზი იმასთან დაკავშირებით თუ რა შედეგი გამოიწვია მეთვალყურეობის გარეშე ჩავლილმა ორსულობამ. რადგან, აშკარაა ის ფაქტი, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრამდეც ქალბატონის მდგომარეობა იყო მეთვალყურეობის გარეშე და მას სამედიცინო დახმარება არ ჩატარებია. ამდენად, მთელ გზაზე იკვეთება გარკვეული პრობლემები, მანამდე ვიდრე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდებოდა, იმასთან დაკავშირებით რამდენად რეალურად შედგა თუ არა გინეკოლოგის კონსულტაცია და თუ შედგა რამ გამოიწვია ის, რომ გინეკოლოგმა ვერ დაადგინა გარკვეულწილად მარტივად დიაგნოსტირებადი მდგომარეობა, განსაკუთრებით თუ საქმე გვქონდა უკვე ორსულობის მაღალ ვადასთან”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები