თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომლებიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ. ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია

“ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აპელირებს ისეთი თემებით, რომლებიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, სადაც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი ასევე არ არის.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა, ან კიდევ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის – პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევა, როცა საქმე ეხება რაიმე ტიპის მოთხოვნას პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, რომ ის ერთსულოვნება, რაც “ქართული ოცნების” გუნდის შიგნით დღეს არსებობს, რომ უფრო მეტად პროპორციული გახდეს ჩვენი საარჩევნო სისტემა და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, არ არის რადიკალური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი, როგორც ეს ჩანს და ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომლებიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები