კეკო ჭელიძის „მკვდარი სულების არდადეგები“ Hot Docs-ის ფესტივალში მონაწილეობს

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – Hot Docs წელს ონლაინ გაიმართება. იგი ონტარიოში სახლში დარჩენილ მოსახლეობასა და ფესტივალის აკრედიტებულ სტუმრებს დისტანციურად შესთავაზებს 2020 წლის პროგრამას.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართველი რეჟისორის კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ („Dead Souls’ Vacation“) წარმოდგენილი იქნება ფესტივალის სპეციალურ სექციაში The Changing Face of Europe. ფილმი წარდგენილია მაყურებლის ჯილდოზეც.
ფესტივალი სტარტს 28 მაისს აიღებს და 6 ივნისს დაიხურება, თუმცა ფილმების უმეტესობა ხელმისაწვდომი 24 ივნისამდე იქნება. სულ კინოფესტივალზე Hot Docs აჩვენებენ 135-ზე მეტ ფილმს, აქედან 91 სრულმეტრაჟიანი ფილმია.
მაყურებელი იხილავს მსოფლიო პრემიერებს, დაესწრება ვირტუალურ ღონისძიებებს და ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს რეჟისორების კომენტარები წინასწარ მომზადებული კითხვა-პასუხის ვიდეოჩანაწერების მეშვეობით.
„დაახლოებით ერთი თვის წინ COVID19-ის პანდემიის გავრცელებისთანავე, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება ფესტივალის გადატანის შესახებ იმ იმედით, რომ მალე შევძლებდით მის განახლებას“, – განაცხადა Hot Docs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრეტ ჰენდრიმ. მისივე თქმით, სანამ გაურკვეველია, როდის მოხერხდება ფესტივალების ჩვეულ რეჟიმში ჩატარება და სახალხო შეკრებების დაშვება, მოხარულნი არიან, რომ ონლაინპლატფორმის დახმარებით, ეძლევათ შესაძლებლობა, შესთავაზონ აუდიტორიას 2020 წელს შერჩეული ფილმები.

ცნობისათვის: კეკო ჭელიძის ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ შეირჩა შვეიცარული დოკუმენტური ფილმების ფესტივალ Visions du Réel-ის ონლაინბიბლიოთეკისთვის.
ფილმის ნახვა ფესტივალის აკრედიტებულ სტუმრებს 2020 წლის 1 აგვისტომდე შეეძლებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები