„კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, 9 მაისისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება

2020 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით „კავკასიური სახლი“ კვირეულს მართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიზნად ისახავს იმის გახსენებას, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომს, რა პოლიტიკური შედეგები მოიტანა ფაშიზმის დამარცხებამ, რა წვლილი მიუძღვის საქართველოს ომის მიმდინარეობაში და რა იდეალებს ემსახურებოდნენ გმირულად მებრძოლი ჩვენი წინაპრები.
კვირეულის ფარგლებში ისეთი საკითხები იქნება დაყენებული, როგორიცაა ვეტერანთა სოციალური მდგომარეობა, კოლექტიური მეხსიერება 9 მაისის შესახებ, სახელმწიფოს ისტორიული პოლიტიკის მნიშვნელობა, მეორე მსოფლიო ომის გარშემო კვლევითი საქმიანობის მიმდინარეობა და გამარჯვების დღის გამოყენების პრობლემა კრემლისა და სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესჯგუფის მხრიდან.
ერთი კვირის განმავლობაში „კავკასიური სახლის“ სოციალური ქსელების გვერდებზე გამოქვეყნდება:
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათი შთამომავლების დღიურები, აგრეთვე პასაჟები მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოებებიდან;
ვიდეორგოლები, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები თავიანთი ოჯახების გამოცდილებაზე ისაუბრებენ;
ისტორიკოსთა და პოლიტოლოგთა მოსაზრებები 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები