რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა და ცაგერის მერმა საირმეში მცხოვრებ ვეტერანს გამარჯვების დღე მიულოცეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მცხოვრებ ვეტერანს, ვენედიქტე კაბოსნიძეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა და ცაგერის მერმა გამარჯვების დღე მიულოცეს და სასურსათო ნობათი და ფულადი დახმარება გადასცეს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
“მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, ცაგერში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მცხოვრები ვეტერანი ვენედიქტე კაბოსნიძე მოინახულა, გამარჯვების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. ომის ვეტერანს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისგან სასურსათო ნობათი და ფულადი დახმარება გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს”, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.