ირაკლი ბერაია: ჩვენთვის ადვილი მისახვედრია, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს სააკაშვილის ამ პოზიციაზე უკრაინაში დანიშვნას
„სააკაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა ძალიან მძიმე დაღი დაასვეს ჩვენს ქვეყანას, ძალიან დააზიანეს საქართველო ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება, მედიის თავისუფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს მის ამ პოზიციაზე დანიშვნას უკრაინაში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას.
მისივე თქმით, ის, რომ სააკაშვილი ვიცეპრემიერის პოსტზე არ დაინიშნა, ნიშნავს, რომ უკრაინაში სწორად შეაფასეს ამ გადაწყვეტილების დაუშვებლობის აუცილებლობა, თუმცა მისი დანიშნვა დაბალ თანამდებობაზეც არის სამწუხარო, დასანანი და წარმოშობს კითხვებს, რის შედეგადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახების შესახებ, რაც დიპლომატიაში აპრობირებული პრაქტიკაა მსგავსი პრობლემური მომენტებისთვის.
„საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ თანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, გვაქვს საერთო ხასიათის გამოწვევები და პრიორიტეტები და შესაბამისად, მსგავსს სამწუხარო გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, არ უნდა მოჰყვეს უარყოფითი გავლენა ქართულ – უკრაინულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და ასევე, ვღელავთ უკრაინაზე და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ თუ რა საფრთხის შემცველია სააკაშვილი ყველა ამ პრიორიტეტებისთვის და ღირებულებებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.