გიორგი კახიანი: უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოძახება მასთან გარკვეული კონსულტაციების მიზნით მოხდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოძახება მასთან გარკვეული კონსულტაციების მიზნით მოხდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაინიშნა და არა – მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ესეც არის მიუღებელი გამომდინარე იქედან, რომ იგი არის მსჯავრდებული.

„რაც შეეხება ელჩის გამოძახებას – უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს უარყოფითად ვერანაირად  აისახება ჩვენს ურთიერთობაზე. ელჩის გამოძახება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ, ამ დანიშვნიდან გამომდინარე, გარკვეული კონსულტაციები მოხდეს მასთან, რათა ეს ფაქტი ნეგატიურად არ აისახოს ქვეყნებს შორის მომდევნო ურთიერთობებზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები