წყალტუბოში საკარანტინე სივრცე 43-მა მოქალაქემ დატოვა
წყალტუბოში სასტუმრო „ლეჯენდსში“ მოწყობილი საკარანტინე სივრცე 43-მა მოქალაქემ დატოვა. ისინი 14 დღის განმავლობაში ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
თითოეულმა მათგანმა საკარანტინე სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ, საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების მუშაობას.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4702 ადამიანი იმყოფება, რომელიც 83 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არის განთავსებული. კარანტინის ვადა, ჯამურად, 14199 ადამიანს დაუსრულდა.