მარინა ეზუგბაია: „პისიარ“ ტესტის მაქსიმალური მგრძნობელობა 85%-ია – ამ 15%-იან ცდომილებას ექიმის უნარ-ჩვევები და პროფესიონალიზმი ფარავს
„პისიარ“ ტესტის ყველაზე მაქსიმალური სენსიტიური მგრძნობელობა არის 85 პროცენტი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი სამი თვეა, მიმდინარეობს და სიახლეს წარმოადგენს.
„ყველა ტესტს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს. „პისიარ“ ტესტის მგრძნობელობაც ყველაზე მაქსიმალურით, სენსიტიური მგრძნობელობა არის 85 პროცენტი, დიახ, ასეა. ამიტომ მარტო „პისიარ“ ტესტირება არ არის საკმარისი. მასთან ერთად საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება – ცხოვრების ჩვეულებრივი ანამნეზი, ეპიდემიოლოგიური ანამნეზი.
საერთოდ, როცა ვსაუბრობთ კოვიდინფიცირებაზე, ტესტირება არის დამადასტურებელი. გამოვთქვამთ ეჭვს, პაციენტს ხომ არ აქვს არსებული მონაცემების გათვალისწინებით კოვიდინფექცია, მაღალი ეჭვი შეიძლება, იყოს. ამ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია „პისიარ“ ტესტირება უარყოფითი იყოს და მოხვდეს იმ მედიანაში, 15 პროცენტში, არსებობს კლინიკა, არსებობს სეროლოგიური კვლევები და მისი გადამოწმება შეიძლება. ამ ცდომილების გადაფარვა თავისუფლად ხდება ყველა მონაცემის შეფასებითა და შეჯერებით. მოდით, ასე ვთქვათ, ამ 15-პროცენტიან ცდომილებას ფარავს ექიმის უნარ-ჩვევები და მისი პროფესიონალიზმი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ეს არის “ოქროს სტანდარტი” და დანარჩენი სახის ტესტი არის დამხმარე.