თბილისში დედამთილმა რძალი თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა – დაკავებულ ქალს 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება
პოლიციამ ოჯახში ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, შვილის მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს. -ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.