“საქართველო-სერბეთის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანობისათვის ქვეყნებს შორის აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩის ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და სერბეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე, ეკონომიკის გახსნის პროცესებსა და პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

როგორც სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და სერბეთს შორის დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები არსებობს, რაც მომავალი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ ძალიან დააზარალა მსოფლიო ეკონომიკა და საქართველოში ტურიზმის სექტორი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და სერბეთმა პოსტკრიზისულ პერიოდში სექტორის განვითარებისათვის მჭიდროდ ითანამშრომლონ.

პრეზიდენტებმა საქართველო – სერბეთის ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროცესის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა. სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და აღნიშნულ კონტექსტში მის როლს. საქართველო – სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად სერბეთის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტმა მიწვევასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პანდემია სწრაფად დასრულდება და ვიზიტი შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები