ალექსანდრე მოწერელია ჩაისა და სიმინდის სექტორში წარმოდგენილ ფერმერებს ონლაინჩართვის საშუალებით გაესაუბრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს. ონლაინჩართვის საშუალებით მხარის რწმუნებული ჯერ ჩაის, შემდეგ კი სიმინდის სექტორში წარმოდგენილ ფერმერებს გაესაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები.
აღნიშნული შესახებ “რეგიონულ კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა დარგის წარმომადგენლებისგან ყველა იმ საჭიროების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, რაც მეწარმეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში შეექმნათ.
“ჩაის კრეფის სეზონი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში არსებულ ფართობებზე კი 15 მაისიდან დაიწყებენ. წალენჯიხაში პირველი მოსავლის გადამუშავების პროცესიც მიმდინარეობს. რაც შეეხება სიმინდს – რეგიონში, ამ დროისთვის, დამუშავებულია 17 137 ჰექტარი მიწის ფართობი, აქედან 5013 ჰექტარ მიწის მიწის ფართობზე სიმინდი უკვე დათესილია. გასულ კვირას, ონლაინჩართვის საშუალებით სახელმწიფო რწმუნებული, ასევე, გაესაუბრა მეფუტკრეებს და მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მეფუტკრეებმა მთავარ პრობლემად ე.წ საკომენდანტო საათებში გადაადგილება დაასახელეს. სწორედ ამ პერიოდში, ღამის საათებში ხდება ფუტკრის ოჯახების სეზონური მთაბარობა. აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარებულია. ჩაისა და სიმინდის სექტორში წარმოდგენილი ფერმერებისა და მეფუტკრეების მსგავსად, სახელმწიფო რწმუნებული სოფლის მეურნეობის სხვა დარგის წარმომადგენლებს ონლაინჩართვის საშუალებით გაესაუბრება და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან მიიღებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.