შუახევის მერმა მელიქაძეების 11-სულიან ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტები და საჩუქრები გადასცა
სოციალური აქციის ფარგლებში, შუახევის მერი – ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ჟანივრში მელიქაძეების 11-სულიან ოჯახს სტუმრობდა და მათი სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს, პირველადი მოხმარების პროდუქტები, სხვადასხვა საჭიროების ნივთები, პატარებს კი საჩუქრები მიუტანა და მისი მოულოდნელი სტუმრობით ოჯახი გაახარა.
მათივე ცნობით, რევაზ და ფირუზ მელიქაძეები ერთ სახლში, მეუღლეებთან, შვილებსა და შშმ უხუცეს წევრთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახში 5 მცირეწლოვანი ბავშვია. 7 წლის ნიკა პირველი კლასის მოსწავლეა, უმცროსები კი ხაბელაშვილების ბაგა-ბაღის აღსაზრდელები არიან. გასულ წელს უმცროს ძმამ, მერიის მიზნობრივი სოციალური პროგრამით ისარგებლა და ახალი ხის სახლი შეიძინა, მალე ოჯახი ახალ მოსახლეობას იზეიმებს.
“ახალი კორონავირუსის აღმოჩენის პირველივე დღიდან, ჩართულები ვართ პრევენციულ ღონისძიებებში. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა ყველა საჭიროების მქონე ოჯახში მივიდეს პირველადი მოხმარების პროდუქტები. ვეხმარებით შეჭირვებულ ოჯახებს, ასევე, ცხელ ხაზზე შემოსული ზარებისა და “ფეისბუქზე” მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დღეს მერიისა და ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ჩართულობით კიდევ ერთი მრავალსულიანი ოჯახი გავახარეთ. მივუტანეთ პირველადი მოხმარების საჭიროებები, მათ შორის ბავშვები უზრუნველვყავით ინტერნეტით, რათა შეძლონ ონლაინსწავლებაში ჩართვა“, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მელიქაძეების ოჯახის წევრებმა ფრიდონ ფუტკარაძეს ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა.