ქუთაისში “გვირილობას” ტრადიციად ქცეული მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება
ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, ქუთაისში “გვირილობის” დღეს ტრადიციულად მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერიის განცხადებას “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს “გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა.
ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება.
დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ “გვირილობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქუთაისში „გვრილობის” დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებებით 2 მაისს აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნის იდეა კი ქველმოქმედებას უკავშირდება.
„სამედიცინო საზოგადოებამ“ 1912 წელს ჩამოაყლიბა “კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოება”, ქუთაისის ფილიალიც მაშინ დაარსდა. საზოგადოების ინიციატივით გადაწყდა, არეზინდოს მთაზე, აბასთუმანში, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სამკურნალო სანატორიუმის აშენება. ეს ყველაფერი დიდ თანხებს უკავშირდებოდა, ამიტომ საზოგადოების წევრმა ექიმებმა მოიფიქრეს ე.წ “გვირილობის“ დღესასწაულის მოწყობა, რომელშიც ქალაქის ფართო მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. პირველად გვირილობის დღესასწაული 1912 წელს მოეწყო, გვირილების გაყიდვით მიღბული თანხა კი მთლიანდ ქველმოქმედებას მოხმარდა.